საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Microsoft-ის მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Microsoft-ის მადლობის წერილი მიიღო.
კომპანიის პრეზიდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დონ გრენტემი, საქართველოს მთავრობის მიერ, საინფორმაციო სისტემებისა და პროდუქტების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ გადადგმულ გაბედულ ნაბიჯებზე საუბრობს და ხაზს უსვამს ამ მიმართულებით პრემიერის დამსახურებას.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, Microsoft-ის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენ და თქვენს გუნდს, სახელმწიფო სტრუქტურების ლიცენზირების ხელშეკრულების დასრულების მიზნით გაწეული შრომისთვის.
ახალი მთავრობის სათავეში თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმები რთულ პოლიტიკურ გარემოში. საქართველოს მთავრობამ გადადგა გაბედული ნაბიჯები საინფორმაციო სისტემებისა და პროდუქტების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ, არალიცენზირებული გამოყენების აღმოსაფხვრელად უწყვეტი, მიზანმიმართული და ეფექტური ზომების ჩათვლით. კომპანია Microsoft აღიარებს და აფასებს თქვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის იოლი ამოცანა, რომელიც მოითხოვს სიმკაცრესა და სიზუსტეს. ამავე დროს, ჩვენი აზრით, ხსენებული ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ქმნის შემდგომი გაუმჯობესების მყარ საფუძველს. ჯამში, სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს აქვს გრძელვადიანი გავლენა ეკონომიკურ შედეგებზე.
ჩვენთვის საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დახმარება გავუწიოთ საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ პირველ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელიც იძენს სახელმწიფო ლიცენზიას. ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგანაც ის უზრუნველყოფს მთავრობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ინოვაციებსა და ბიზნესის განვითარებას. გრძელვადიან ჭრილში, ის დააჩქარებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიისა და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.
ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ მხარდაჭერა და გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ დიდხანს შეგვახსენებს ინტელეტუალური საკუთრების პატივისცემის მნიშვნელობას, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებისთვის“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები