“ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის მიღების შემდეგ, აფხაზეთსა და ოსეთში ქართული პასპორტი შესაძლოა, მიმზიდველი გახდეს”

დეპუტატები ეხმაურებიან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც პასპორტების გაცემის მექანიზმს დაარეგულირებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში საჭიროა მეტი საერთაშორისო ყურადღება.
„როგორც მინიმუმ ამ პრობლემებს სჭირდება მეტი საერთაშორისო ყურადღება. იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ხელისუფლებას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ბუნებრივია, ხმის ამომღები, სამწუხაროდ, აღარავინ აღარ არის“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი კი აცხადებს, რომ გალის მოსახლეობის პრობლემა არის ოკუპაციის პრობლემის ნაწილი.
„ხელისუფლება თავად უნდა აცნობიერებდეს, რომ გალის მოსახლეობის პრობლემა ეს არის ნაწილი ოკუპაციის პრობლემისა. აქ ერთადერთი პრინციპულობა და საერთაშორისო ძალის გააქტიურებაა საჭირო და არა აბzშიძე-კარასინის მოდელით ცდილობდეს ხელისუფლება ქართულ-რუსული ურთიერთობების არანორმალურად წარმართვას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზვიად ძიძიგურს კი მიაჩნია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შემდეგ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული პასპორტი მიმზიდველი გახდება.
„მას შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმას მივიღებთ, მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთშიც, ოსეთშიც საქართველოს მოქალაქეები გადახედავენ თავიანთ პოზიციებს და ძალიან ბევრისთვის ქართული პასპორტი შესაძლოა, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები