ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკის მოკვლის ფაქტზე ეჭვმიტანილი თელაველია

27 იანვარს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ნაკრძალში ქურციკის მოკვლის ფაქტზე გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჰყავს. ეჭვმიტანილი თელავის მკვიდრია, ამჟამად კი მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს იმისთვის, რათა პირს ბრალი წარედგინოს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
გამოძიება უკანონო ნადირობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადებით, მოკლული ქურციკი იყო ერთ-ერთი იმ ქურციკებიდან, რომელიც ქურციკის აღდგენის პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანმა გადასცა საქართველოს.
„გაჩნდა შანსი, რომ მეოცე საუკუნეში გადაშენებული ცხოველი კვლავ დაუბრუნდეს საქართველოს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამ შემთხვევამ მოსახლეობის მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე ჩაიაროს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები