გიორგი ალიბეგაშვილმა აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული ორი ქართველი კურსანტის ხსოვნას პატივი მიაგო და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებთან ერთად სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.
“ამ ტრაგედიამ შეძრა ყველა ჩვენგანის გული. ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, რადგან მან კიდევ ორი ღირსეული ახალგაზრდა დაკარგა. ამ ბიჭებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს და ჩვენი ქვეყნის დასაცავად აპირებდნენ ბრძოლას, თუმცა, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევის გამო მათ ეს არ დასცალდათ. იყო თავდაცვის აკადემიის კურსანტი, ეს უკვე გმირობის ტოლფასია.
საქართველო ყოველთვის ამაყობდა და მომავალშიც იამაყებს ჩვენი ჯარისკაცებით, მათი თავდადებით და სამშობლოს მიმართ უდიდესი სიყვარულით. ასევე ვუსამძიმრებ მათ თანაკურსელებს, მეგობრებს და იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც ამ ბიჭების დაღუპვით ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადეს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები