მინდია ჯანელიძემ აშშ-ში დაღუპულ კურსანტებს პატივი მიაგო – ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი…
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ქაშუეთის ტაძარში აშშ-ში დაღუპულ ქართველ კურსანტებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ მათი დაღუპვა ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია.
“ეს არის უზომო ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი დანაკარგი ჩვენი ჯარის მომავლისთვის, ვინაიდან ეს ბიჭები გამორჩეული კურსანტები იყვნენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ახალგაზრდა ოფიცრებს კარგი განათლება მივცეთ, რათა მათ გააგრძელონ ქართული ჯარის მშენებლობა და ის ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ. აქედან გამომდინარე ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ჩვენი ჯარისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.