სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-19 შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, ვეტერინარიის დეპარტამენტის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ პროგრამის ახალი მიმართულებები წარადგინა, მათ შორის, ადამიანისა და ცხოველის საერთო, განსაკუთრებით საშიში დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გეგმა; ასევე ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებენ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ეპიზოოტიური მდგომარეობა. ნოდარ კერესელიძის თქმით, დაიგეგმა სამომავლო პროგრამები და პროექტები, რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს დონორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარადგინეს ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლის დები რეინოლდსის განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამაში კვლავ პრიორიტეტული იქნება ცხოველთა იდენტიფიკაცია და დაავადებათა კონტროლი.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, მომდევნო შეხვედრა მაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები