საქართველოს საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა
საქართველოს საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) კმ94-კმ110) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება საღამოს 19:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დილის 09:00-დან საღამოს 19:00 საათამდე მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში შესაძლებელია ცალმხრივად. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. საქართველოს მასშტაბით, გზის ყველა დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.