„გია სოსანაშვილმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია ღამით პატრულის თანამშრომლებისგან გაათავისუფლა”
“
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, იური ვაზაგაშვილი აფეთქებაში ბრალდებულმა პირმა, გია სოსანაშვილმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ღამით, პატრულის თანამშრომლები და სხვა პირები მოიშორა,- ამის შესახებ ჭკადუამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„საქმეში არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის ჩვენებები, რომელთაც სოსანაშვილი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. მისი მოქმედებები, დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ამ ადამიანების რესტორანში დაპატიჟება და მოწოდება პატრულის თანამშრომლების მიმართ ძალიან საეჭვოა. „ამაღამ აქ არაფერი მოხდება და წადით სახლებში, დაიძინეთ“, – ასე მიმართა მან პატრულის თანამშრომლებს და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატრულის თანამშრომლები და სხვა პირები მოიშორა“,- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი გია (გიორგი) სოსანაშვილი, 7 თებერვალს დააკავა.