ბიზნესმენი: ქონებას რომ არ ვთმობდი, ადეიშვილმა შემოთვალა, რას ევაჭრებით, ციხეში ჩააყუდეთო

ბიზნესმენი ზურაბ ფილიპია აცხადებს, რომ მას ყოფილი ხელისუფლების დროს აქტივები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ჩამოართვეს. როგორც ბიზნესმენი “რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, მასთან უშუალო მოლაპარაკებებს დასავლეთ საქართველოს მაშინდელი საოლქო პროკურორი მიხეილ ჩოგოვაძე აწარმოებდა, რომელიც შემდეგ იმერეთის გუბერნატორი გახდა. ფილიპიას თქმით, ჩოგოვაძე ადეიშვილის კურსელი იყო და მის უშუალო დავალებებს ასრულდებდა.
ბიზნესმენი გამოცემასთან ინტერვიუში საქმეში ჩართულ კიდევ ორ გამომძიებელს – დიმიტრი ჩაფიძესა და გიორგი გვარაკიძეს ასახელებს.
„2009 წელს, როდესაც ქუთაისში ჩემი ხელით აშენებული შენობის გადაფორმება მომთხოვეს, სადაც ჩემს მეუღლეს კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი, მე მის გადაცემაზე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ რაღაცების ქექვა დაიწყეს. თბილისშიც და ქუთაისშიც სხვა შენობებიც შევთავაზე, მაგრამ მაინცდამაინც ეს მოინდომეს, თურმე სააკაშვილისთვის უნდოდათ. ადეიშვილმა დაიბარა, რას ევაჭრებით, ჩააყუდეთ ციხეშიო და 2009 წლის 31 დეკემბერს „საჩუქარი“ გამიკეთეს – ციხეში ჩამსვეს, სადაც 2 თვე გავატარე“, – აცხადებს ბიზნესმენი.
ზურაბ ფილიპიას თქმით, ამის შემდეგ მის ცოლზე და ოჯახის წევრებზე მუქარები დაიწყო, რის შემდეგაც მან, აღნიშნული „ოჯახისთვის ძვირფასი“ ქონება სახელმწიფოს აჩუქა. ზურაბ ფილიპიას ინფორმაციითვე, ეს შენობა დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ბიზნესმენის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, რომ ფაქტი იძულებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს, თუმცა პროკურატურამ, რომელმაც ეს საქმე „ოცნების“ ხელისუფლების დროს გამოიძია, იქ სისხლის სამართლის დანაშაული ვერ აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები