დაკავებული ქართველების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, მათ რამდენიმე პასპორტი აღმოაჩნდათ – კონსულის კომენტარი

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულის განცხადებით, საქართველოს 9 მოქალაქე ათენის პოლიციის წინასაპატიმროშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ ნანა აბრავამ განუცხადა, დაკავებულთაგან, რომლებსაც ყაჩაღობა და ძარცვა ბრალდებათ, 5 ქალი და 4 მამაკაცია.
საქართველოს კონსულის ინფორმაციით, საელჩომ საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 თებერვალს მიიღო. თუმცა, პრესაში მოგვიანებით გავრცელდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.
„საქართველოს საელჩომ საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ინფორმაცია ატიკის უშიშროების დეპარტამენტიდან მიიღო. მიღებული ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე. მათ შორის 5 ქალბატონი და 4 მამაკაცია. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ არაერთგზის ჯგუფური ყაჩაღობა და ძარცვა. ამ ეტაპზე დაკავებულებს საქართველოს ელჩი არ შეხვედრია და არც მათ მოუმართავთ დახმარებისთვის საელჩოსთვის.
აღნიშნული პირები უკვე წარდგნენ პროკურორის წინაშე. მათ ვინაობას ჩვენ ვერ გავამხელთ. მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია პრესაში გავრცელდა. ამ ეტაპზე კიდევ დგინდება მათი ზუსტი ვინაობა. ინდენტიფიცირება ხდება მათი ვინაობის დასადგენად. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უცნობია, აღიარებენ თუ არა დანაშაულს დაკავებულები. ზოგიერთ მათგანს ჰყავს სახელმწიფო ადვოკატი, ზოგს კი – კერძო ადვოკატი. თუ გამოთქვამენ სურვილს და მოითხოვენ ელჩთან შეხვედრას, საქართველოს ელჩი აუცილებლად შეხვდება“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ნანა აბრავა.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულმა მედიამ საქართველოს მოქალაქეების ვინაობა და მათი ფოტოსურათები გამოაქვეყნა. საბერძნეთში დაკავებული საქართველოს 10 მოქალაქიდან, ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი ავთანდილ სანთოპულოსია. ოლიმპიურ ჩემპიონატზე ის საბერძნეთის სახელმწიფოს სახელით ასპარეზობდა. ბერძნული პრესა საქართველოს იმ მოქალაქეების ვინაობასა და ფოტოსურათებს აქვეყნებს, რომლებიც ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულების უმრავლესობას რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდათ.
1979 წელს დაბადებული ტიგრან ოგანესიანი;
1967 წელს დაბადებული მამუკა არსენიძე;
1959 წელს დაბადებული ამირან ახალაძე;
1973 წელს დაბადებული კახა ნაცვლიშვილი;
1975 წელს დაბადებული გიორგი ქობალავა;
1977 წელს დაბადებული ხათუნა კობიძე;
1981 წელს დაბადებული ლელა უგულავა;
1959 წელს დაბადებული ახალაძე თამარა;
1978 წელს დაბადებული მადონა კუბლაშვილი.
ბრალდებულებიდან ყველაზე პატარა, 1981 წელს წელს დაბადებული ლელა უგულავაა. რაც შეეხება, ერთ-ერთი ცნობილ სპორტსმენს ავთანდილ სანთოპულოსს, იგი ამჟამად საბერძნეთის მოქალაქეა და ათენში გამართულ ოლიმპიადაზე საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით მონაწილეობდა. თუმცა, იგი წარსულში საქართველოს მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები