სოფიის კინოფესტივალზე ქართულ კინოს წარადგენენ

სოფიის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი“. ეროვნული კინოცენტრისა და ფესტივალის თანამშრომლობის შედეგად, ფესტივალის ფოკუსშია საქართველო (FOCUS ON GEORGIA) – საზოგადოება ნახავს 16 ფილმს – როგორც კინოკლასიკას, ასევე ბოლო წლების წარმატებულ ფილმებს. ასევე ფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings წელს ორი ქართული პროექტია წარდგენილი, გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ და გრიგოლ აბაშიძის „მეზობლები“, რომელსაც ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში წარადგენს.
ფესტივალის ჟიურის წევრებს შორის არიან: ლევან კოღუაშვილი და ნანა ჯორჯაძე. 12 მარტიდან ფესტივალს დაესწრება დელეგაცია საქართველოდან, მათ შორის: ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ლევან კოღუაშვილი, თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში და სხვები. ეროვნული კინოცენტრიდან ფესტივალს დაესწრება ექსპორტისა და დისტრიბუციის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings და კინოცენტრის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. 14 მარტს, საქართველოს სახელით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება წვეულება, რომელსაც მუსიკალურად ქართული ბენდი Asea Sool-ი გააფორმებს. სოფიის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპლატფორმაა რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები