დავით უსუფაშვილი: უმცირესობის სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე

საპარლამენტო უმცირესობის მთავარი ამოცანაა, არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე საგანგებო რეჟიმში, – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ 13 მარტს დანიშნული საგანგებო რიგგარეშე სხდომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში, საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან სრულიად აშკარად ირკვევა, რომ პირველი – მათი მთავარი ამოცანაა, არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე საგანგებო რეჟიმში. მეორე – საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა და მესამე – ამ საკითხის თაობაზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედიასივრცის გაჯერება. ეს სამი მთავარი დასკვნა, რაც მე გამოვიტანე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან ემყარება ძალიან კონკრეტულ ფაქტებს, და ეს ფაქტები სხვა ვერაფრით აიხსნება, თუ არა უმცირესობის აღნიშნული სურვილით: იყოს საგანგაშო მდგომარეობა, ამ საგანგაშო ამბებში პრეზიდენტიც ჩაერთოს და რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 მარტს, 12 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ კონსტიტუციის და კანონის სრული დაცვითაა მოწვეული.
„საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის განკარგულების შესაბამისად, 2015 წლის 13 მარტს, 12 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კონსტიტუციის და კანონის სრული დაცვითაა მოწვეული. შესაბამისად, პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს რიგგარეშე სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მსურველი პარლამენტის წევრების და სხვა უფლებამოსილი პირებისთვის სათანადო ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას.
ამასთანავე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტია და მისი სწორად გამოყენება და სწორად გააზრება აუცილებელია“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები