“რიგგარეშე სხდომაზე ჩემი, მანანა კობახიძის, დიმიტრი ხუნდაძისა და დათო ლორთქიფანიძის გარდა არავინ დადის”

რიგგარეშე სხდომაზე ჩემი, მანანა კობახიძის, დიმიტრი ხუნდაძისა და დათო ლორთქიფანიძის გარდა არავინ დადის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
“რიგგარეშე სხდომაზე ჩემი, მანანა კობახიძის, დიმიტრი ხუნდაძისა და დათო ლორთქიფანიძის გარდა არავინ დადის, ამიტომ აღარ ვაპირებ ამ ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად აღმოვჩნდე მარტო ქუთაისის სხდომათა დარბაზში”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, სადეპუტატო შეკითხვის გაგზავნის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან რიგგარეშე სხდომას დაესწრონ.
“მე როგორც ვიცი, სადეპუტატო შეკითხვა გაგზავნილი არ არის. ამ შეკითხვის გაგზავნის შემთხვევაში, კონსტიტუციის ძალით მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, დაესწრონ სხდომას”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
დეპუტატი ლარის კურსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება.
“ის, რომ ლარის დევალვაცია, მათ შორის დიდწილად რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური პროცესების შედეგია, ეს უკვე აღიარებულია საექსპორტო საზოგადოებაში. ჩემთვის აქტუალურია ორი შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების პროგნოზირება და შეიძლებოდა თუ არა წინმსწრებად შემარბილებელი ზომების მიღება. თავისთავად, ამ ორ შეკითხვაზე პასუხი წარმოშობს უკვე შემდეგ შეკითხვას, თუ რომელი სახელმწიფო სტრუქტურა არის პასუხისმგებელი ამ შემარბილებელი ღონისძიებების დროულ გატარებაზე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები