რამდენ ჯგუფად იყოფიან, რატომ ატარებენ რიტუალებს სასაფლაოზე და როგორ ირჩევენ მსხვერპლს სატანისტები

„ამოყირავებული ჯვარი პირდაპირ სატანისტურ მიდრეკილებებზე მიუთითებს!“ – ყველაფერი “სატანის ეკლესიაზე“

პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 2 მარტს სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთში სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ნინო ჩარკვიანმა განმარტა, სატანისტური სექტის საქმიანობაში 50-60 ბავშვია ჩართული. მისივე თქმით, მოზარდები სხვა თანატოლებისგან გარეგნობითაც გამოირჩევიან, თითოეულ მათგანს ყვითელი კანი და ამოყირავებული ჯვარი ამოსვირინგებული აქვს წარწერით: „სიძულვილი“.

გაზეთი “ქართული სიტყვა“ ნინო ჩარკვიანთან აღნიშნულ თემაზე ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

ნინო ჩარკვიანი: – დუშეთში სატანისტური სექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შევიტყვე, რომელიც ათი წელია, რეგიონში მუშაობს. ამ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გამკეთებელ ორგანიზაციაში იმდენად ღირსეული ადამიანები არიან, რომ მათ საქმიანობაში საეჭვო პატარა დეტალიც არაა და ეს ინფორმაცია ჩემთვის მნიშვნელოვანი ამიტომაც გახდა.
– ამ ორგანიზაციის წევრებმა ინფორმაცია როგორ მოიპოვეს?
– ამ ინფორმაციის გამხელის ყველას ეშინოდა. ორგანიზაციის წევრების უსაფრთხოების მიზნით, მათ ვინაობას არ გავამხელ – კონფიდენციალობა დაცული უნდა იყოს, თუმცა ამის შესახებ პროკურატურას უკვე ვაცნობე.
– როგორც ვიცი, მოსახლეობასაც შეხვდით. დუშელები რას ამბობენ?
– იმას, რომ სატანური რიტუალები ღამით, სასაფლაოებზე ტარდება და უცნაურად ჩაცმული ბავშვები დადიან, რომელთაც ამობრუნებული ჯვრის გამოსახულება და წარწერა – ,,სიძულვილი“ აქვთ ამოსვირინგებული. გადავწყვიტეთ, ეს ფაქტები სააშკარაოზე გამოგვეტანა. გვინდა, არასრულწლოვანთა სიცოცხლე დავიცვათ, მაგრამ ამბის გახმაურებისთანავე ისეთი მუქარა წამოვიდა, რომ საფრთხე საკუთარ ოჯახსაც შევუქმენი.
– მუქარა ვისგან წამოვიდა?
– სატელეფონო საუბარში ზოგი სახელ-გვარს ამბობდა – როგორც ჩანს, ოჯახის ახლობლები და წევრები იყვნენ. ანონიმური ზარებიც იყო. ირაკლი ღლონტს კი, პირდაპირ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
– თქვენი აზრით, ეს აგრესია რამ გამოიწვია?
– პრესკონფერენციის მერე, მედიასა და სოციალურ ქსელებში უცნაური სათაურები და ინტერპრეტაციები გაჩნდა. ორივე ბავშვის ოჯახის ახლობლები, სატელეფონო საუბრისას, ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ საზოგადოებისთვის ბოდიში მოგვეხადა და გვეთქვა, რომ ყველაფერი მოგონილია. ჩვენი მიზანი ჭორებისა და სკანდალის გავრცელება კი არა, ჩვენი შვილებისთვის ხიფათის აცილებაა: თუკი მსგავსი ფაქტები არ გასაჯაროვდება, არავინ იცის, ხვალ ვის რა ელის. გვინდოდა, გაგვეგო, საიდან მოხვდა ბავშვების ხელში მიუწვდომელი ნივთიერება კალიუმის ციანიდი – ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ იქ დაადგინეს. მანამდე სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი ახალგაზრდა, რომლის ცხოვრების წესიც ეჭვს არ ბადებდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალებასთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნა 13 მარტს გახდება ცნობილი. ბავშვებს ერთმანეთთან რაღაც აკავშირებდათ, თუ რა, ამ შეკითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
– ნინო, თქვით, რომ სექტაში შთამბეჭდავი რაოდენობის ბავშვია გაერთიანებული…
– როგორც გვითხრეს, სექტაში ორმოცდაათამდე ბავშვია გაერთიანებული, მათ უკან, ალბათ, ზრდასრული ადამიანები დგანან, ვინც ტვინს ურევს მათ. იმედია, სათანადო ორგანოები მოკლე დროში დაადგენენ, ვინ დგას ბავშვების ზურგს უკან. ასევე, გასარკვევია, რატომაა მათთვის ხელმისაწვდომი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მხოლოდ ლაბორატორიებში მოიძებნება. ჯგუფის უკან აშკარად ვიღაცები დგანან, რომლებიც ბავშვების ოჯახურ მდგომარეობას, მათ სულიერ განწყობას და ფსიქოლოგიას წინასწარ სწავლობენ. ბავშვების უმრავლესობა გარდატეხის ასაკშია – ამ დროს მოზარდის ფორმირების რთული პერიოდი მიმდინარეობს.
აქვე აღვნიშნავ, რომ ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაცია კარგა ხანია, ინფორმაციას ფლობს და ცდილობდა, პრობლემას საკუთარი ძალებით გამკლავებოდა – სასწავლო დაწესებულებებში ეკლესიური ლიტერატურა შეჰქონდა და ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას ცდილობდა.
– აღნიშნულ ფაქტებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რას ამბობენ?
– დუშეთის გამგებელმა ასეთი კომენტარი გააკეთა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მსგავსი ორგანიზაციის საქმიანობა არ ფიქსირდებაო და ეს მაშინ, როცა სექტის არსებობას არქიმანდრიტი თადეოზი ადასტურებდა.
– თუკი იცოდნენ, რა ხდებოდა, ქმედით ღონისძიებებს რატომ არ მიმართეს?
– პროცესების ასეთ გამწვავებას, ალბათ, არავინ ელოდა.
– სატანისტების ორგანიზაციით სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ?
– მას მერე, რაც განცხადება გავავრცელე, პროკურატურის მხრიდან მყისიერი რეაქცია იყო. მოზარდის გარდაცვალების გამო, პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა და სექტის საიდუმლო ჯგუფის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემთვის ცნობილი ბევრი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს ვიკავებ. საქმე საჩქაროდ გამოსაძიებელია, რადგან ამ ამბების გახმოვანების შემდეგ ითქვა, რომ 14 წლის ბიჭი ბიონარკოტიკის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
– ეს ზუსტი ინფორმაციაა?
– ამის გარკვევა საგამოძიებო ორგანოებს მივანდოთ.
– ნინო, ,,რეფორმატორებმა“ ეს თემა საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ხელოვნურად ხომ არ წამოსწიეთ?
– უამრავი სოციალური თემაა, რომელზე აპელირებითაც პარტიას პოპულარობის მოპოვება შეუძლია, მაგრამ სკანდალებზე ორიენტირებულნი არ ვართ. ნებისმიერი სკანდალი უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე -დაღუპული ბავშვების მშობლების სატელეფონო ზარები. პოლიტიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს. ჩვენი განზრახვა და განწყობა გულწრფელია – არ დავუშვათ მსგავსი ორგანიზაციების არეალის გაფართოება“,-აცხადებს ნინო ჩარკვიანი.
ინტერვიუში ჩარკვიანი აქცია ,,შემოულაწუნე“ -ზე მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს.
– ნინო, “რეფორმატორებმა“, ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან, სხვა რამდენიმე პარტიასთან ერთად, აქცია ,,შემოულაწუნე“ გამართეთ, სადაც ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს. მიტინგებითა და საყოველთაო გამოსვლებისგან დაღლილ მოსახლეობას პარტიების მესვეურებმა არადემოკრატიულობა და ძალადობა აჩვენეს. ამ ინციდენტზე თქვენი პარტია პასუხისმგებლობას იღებს?
– აქციის მიზანი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის დანაპირები, რის წყალობითაც ,,ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა და ის, რაც აქციაზე მოხდა, შემაძრწუნებელია. როცა ,,რეფორმატორები“ ადგილზე მივედით, ინციდენტი უკვე დასრულებული იყო. მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, მოძალადეები პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ წევრი და მისი შვილი იყვნენ. მსგავსი რამ ჩვენი პარტიის წევრის შემთხვევაში რომ მომხდარიყო, აუცილებლად პარტიიდან გავრიცხავდით. მიგვაჩნია, რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მსგავს სიტუაციებს.

სატანისტების თემაზე “ქართული სიტყვა“ დეკანოზს, თეოლოგ მამა იაკობ ჩიჩილიძესაც ესაუბრა.
– მამა იაკობ, ვინ არის სატანა და რა არის სატანიზმი?
– ,,სატანა“ ებრაული სიტყვაა და მოწინააღმდეგეს, დამაბრკოლებელს ნიშნავს. ბიბლიაში ეს სიტყვა ეშმაკთა მთავრის, ან იმის საკუთარი სახელია, ვინც პირველი ღვთისგან განდგა – უარი თქვა საღმრთო სიყვარულზე და თავი წარიწყმიდა. შესაბამისად, სატანიზმი ეშმაკის თაყვანისცემა, მსახურება და მისი მიმდევრობაა. ისინი, ვინც თავს სატანისტებს უწოდებენ, ორ ჯგუფად – სატანასთან მაგიურ-სარწმუნოებრივი კავშირის დამყარების მოსურნე და ფილოსოფიურ მსოფლმხედველობრივ სატანისტებად იყოფიან.
პირველთ სწამთ, რომ სატანა რეალური სული, პიროვნება და მათი კეთილისმყოფელი, მონობიდან დამხსნელია. მას მაგიურ, ბილწ რიტუალებში ეთაყვანებიან და მსხვერპლს სწირავენ (მათ შორის, სისხლიანს). მეორე ჯგუფის სატანისტებს არ სწამთ, რომ სატანა რეალური სულია, მათთვის ის მხოლოდ თავისუფლებისა და სულიერი ძლიერების სიმბოლოა, ისინი თავს სატანისტებს უწოდებენ, როგორც ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და მორალისადმი მოწინააღმდეგენი და დაპირისპირებულნი. სისხლიან მსხვერპლთა შეწირვის გარდა, მოზარდებსა და ჭეშმარიტი რწმენით შეუჯავშნელ საზოგადოებაზე ზეგავლენას არანაკლები ზნეობრივი გამხრწნელობით ახდენენ.
დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სატანისტური ორგანიზაცია ე.წ. სატანის ეკლესიაა, რომელიც 1966 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ენტონ ლავემ დააარსა. ეს პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სატანისტური იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციაა. 1978 წლიდან, იქ სატანიზმი ოფიციალურად აღიარებულ რელიგიათა რეესტრშია შეტანილი. „სატანის ეკლესია“ განეკუთვნება სატანისტების მეორე „არააგრესიულ“, ფილოსოფიურ მსოფლმხედველობრივი სატანიზმის ჯგუფს.
მსგავსი ორგანიზაცია საქართველოშიც არსებობს და თუ არსებობს, მისი წევრები ვინ არიან?
– საქართველოში სატანისტური სექტები დარეგისტრირებულნი არ არიან, ამ თემასთან მიმართებაში არც რაიმე სახის სტატისტიკა გვაქვს. ალბათ, წარსულშიც ფარულად მოქმედებდნენ. ეს უფრო სუბკულტურაა, ბავშვების გატაცება…
– სატანიზმი კაცობრიობას მოსდგამსო, ამბობთ…
– სატანას უპირატეს დაცემულ სულთაგანს – ანგელოზს უწოდებენ. სატანისტურ მოძრაობებს დიდი ხნის -ისტორია აქვთ. ერთი მამისგან მოვდივართ, მაგრამ ადამიანებს სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, განსხვავებული რელიგიური მსოფლმხედველობები ჩამოგვიყალიბდა. სატანა ცრუ რელიგიური ხაზიდან მოდის, რომლის არსებობაც ადამიანთა ღვთისადმი უმადურებამ განაპირობა, რამაც ადამიანებში თვითკმაყოფილება, საკუთარი თავით ტკბობა გააჩინა. თეზა – ,,ვიქნები, ვითარცა ღმერთი არასწორია. მართალია, ყველა ქმნილება ღმერთია, მაგრამ ღმერთის გარეშე ღმერთად ყოფნა ამპარტავნებას უტოლდება. უმადურებამ და ამპარტავნებამ სატანიზმისადმი მიდრეკილება გააჩინა. მას ღვთისადმი დაცინვა, წაბაძვა, საღვთო პატივის საკუთარ თავზე მიღება ახასიათებს. კაცობრიობის მიდრეკილება ბოროტი საწყისისადმი, ცრუ რწმენასა და სიკეთის უარყოფისადმი სწორედ სატანიზმში გამოვლინდა. ბოროტება სიკეთის უარყოფაა. ბოროტ ძალას ყოველთვის სურდა, საკუთარი თავი ღვთის თანაფარდად წარმოეჩინა. ცრუ რელიგიური მოძღვრებები, პრაქტიკულად, სატანისტური მოძღვრებები იყო.
– ცხოველების მსხვერპლშეწირვა ხომ ჭეშმარიტ რელიგიებსაც ახასიათებთ?
– ძველი აღთქმის რელიგიებს, მათ შორის, იუდაიზმს ახასიათებდა ცხოველთა მსხვერპლთშეწირვა, მაგრამ ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ღვთისადმი თავის შეწირვასა და მონოზნობაში გამოიხატებოდა.
– ადრე კატა იმ წმინდა ცხოველად თუ ითვლებოდა, რომელსაც უფალს წირავდნენ?
– არა, კატა უწმინდურ ცხოველად აღიქმებოდა. ქრისტესადმი თავდადების ნიშნად, ზვარაკად ცხვარი შეიწირებოდა, შემდგომ ის ადამიანთა საკვებადაც გამოიყენებოდა. ცხვარი ,,დაიკვლოდა~ და არა ,,მოიკვლოდა“. სატანასთან მაგიური კავშირის დამყარების მოსურნენი, უწმინდურ ცხოველს, კატას სწირავენ არა ღმერთს, არამედ, – სატანას, რომელიც რელიგიურ პიროვნებად არ ითვლება. პირველი ქრისტიანები მხოლოდ წმინდა ნაწილებზე ატარებდნენ რიტუალებს, სატანისტები კი, ჩვეულებრივ მოკვდავ ცოდვილთა საფლავებზე იკრიბებიან და უწმინდურ ცხოველებს ხოცავენ. მათთვის სასაფლაო, ვითომ საიქიო ცხოვრების სულიერი გარემოა. მათი რიტუალები ზოგჯერ არაქრისტიანულად გაფორმებულ საფლავებზე ტარდება და ამით ქრისტეს მიმართ დაცინვას გამოხატავენ.
– სატანისტობა დამღაა?
– ეს ადამიანები სატანისტებად ხომ არ დაბადებულან? შეცდენილებზე პარაზიტირებას ეშმაკისეული ძალები ახდენენ, მოწამლულები არიან, მაგრამ ისინიც ვიღაცის შვილები არიან, მათაც უნდა გავუგოთ, შევუნდოთ, დავეხმაროთ. ამოყირავებული ჯვარი და რაღაც წარწერიანი სვირინგები პირდაპირ სატანისტურ მიდრეკილებებზე მიუთითებს. უპირისპირდებიან რა ქრისტიანობას, სატანის მიმდევრებმა ვერ გაიგეს, რა არის ჭეშმარიტი რწმენა, რადგან ეკლესიისგან შორს არიან.
სატანისტების ხელში გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები ხვდებიან. სატანისტები ცინიკურად მოქმედებენ, მათთვის მიზანი საშუალებას ამართლებს. ბოროტი ძალა დაასნებოვნებს ხოლმე ადამიანს, რომელიც შემდეგში მისი იდეების გამავრცელებელი უნდა გახდეს. თუკი ამას ვერ აღწევენ, ურჩევნიათ, ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანონ და მოკლან. ხშირად ეს თვითმკვლელობის გზაა.
– როგორ ვიხსნათ ბავშვები ასეთი მავნე გავლენისგან? როგორ დავაღწიოთ თავი სატანას?
– ამ ასაკში მათ პროტესტის გრძნობა გამძაფრებული აქვთ, ფაქიზი მიდგომაა საჭირო, მათ პიროვნულ თვისებებს, თავმოყვარეობას არ უნდა შევეხოთ. ვიდრე ბავშვები პატარები არიან, დიდები მათგან მორჩილებას ეჩვევიან, დრო გადის და მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ შვილი გაიზარდა, დიქტატს ვეღარ შეეგუება. ზოგჯერ, მშობელთან გაუცხოების მერე, ბავშვი ჩუმჩუმელა ხდება, მშობელს საკუთარ მიდრეკილებებს უმალავს და თავისუფლების წყურვილს თავად იკმაყოფილებს. მშობელზე გულაცრუებული შვილი ხშირად მოძღვარს მიმართავს და ნუგეშს მისგან იღებს. როცა უარყოფითი ენერგია აკუმულირდება, ბავშვებს წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ, ასეთ დროს განტვირთვა მხოლოდ სწორი გზით სიარულს შეუძლია. მათ ცოდნა უნდა მივცეთ. დღეს ინტერნეტსივრცე გახსნილია და ბავშვებს ათასგვარ პროდუქტს სთავაზობენ, განსაკუთრებით პოპულარულია ფილმები, მუსიკა მაქციებზე, ვამპირებზე, ათასნაირ ეშმაკეულ ძალაზე. ყველაფერი ეს ბავშვის ფსიქიკაზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. თუკი ბავშვებს მავნე ბაქტერიებისგან აცრას ვუტარებთ, რატომ არ ვცდილობთ, მავნე გარემოსგანაც ავცრათ? გგონიათ, რომ გარემო ბაქტერიებზე ნაკლებ საშიშია? ყველა ადამიანი რელიგიურია, თორემ შიში ცხოველებსაც აქვთ. ცრუ რწმენას კი რელიგიური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა იწვევს. რელიგიურობის ნიშანი მხოლოდ სადღესასწაულო რიტუალებში მონაწილეობა არაა. ადამიანი ეკლესიისკენ შეგნებულად უნდა მიდიოდეს. ზოგმა შეიძლება, ჩემი სიტყვები ეკლესიისკენ მოხმობად აღიქვას, მაგრამ ეს ხელოვნური მოხმობა არაა.
სამწუხაროა, რომ რელიგიური განათლება სკოლებიდანაც ამოიღეს. მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ღვთის წყალობით, ხალხის უმეტესობა მონათლულია, ჩვენი რელიგია სიღრმისეულია – ადამიანს, რომელიც ეკლესიისკენ შეგნებულად მიდის, პიროვნულს არ ართმევს. მართლმადიდებლურ წიაღში მონათლულებმა, კეთილი ინებონ და, ნათლობის დროს დადებული პირობა აღასრულონ. მხოლოდ ამ გზით დავიხსნით შვილებს არა მხოლოდ ცოდვებისგან, არამედ, უბედურებისგანაც!

ესაუბრა ნათია გოგიტიძე

წყარო: გაზეთი “ქართული სიტყვა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები