ევროპაში ივნისის ბოლოს დაფიქსირებულ უკიდურეს სიცხეს 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ივნისის მეორე ნახევარში, ევროპაში დაფიქსირებული უკიდურესი სიცხის ფონზე, ევროპის სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის (EuroMOMO) მონაცემებით, 27 ქვეყანაში 10 650-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა.

Reuters-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა 65 წელს გადაცილებული ადამიანები იყვნენ. სპეციალისტების შეფასებით, სიკვდილიანობის ზრდა, დიდი ალბათობით, რეკორდულად მაღალ ტემპერატურას უკავშირდება, რადგან აღნიშნულ პერიოდში სხვა მასშტაბური ფაქტორები, რომლებიც მსგავსი ზრდის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, არ გამოვლენილა.

EuroMOMO-ს მონაცემები ე.წ. „ზედმეტ სიკვდილიანობას“ ასახავს, რაც გულისხმობს, რამდენად გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ კონკრეტულ პერიოდში მოსალოდნელ მაჩვენებელს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა უშუალოდ სიცხით იყო გამოწვეული, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკიდურესი სიცხე სიკვდილიანობის ზრდის მთავარი ფაქტორი იყო.

ევროპის არაერთ ქვეყანაში ივნისის ბოლოს ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. ჭარბი სიკვდილიანობის უკიდურესად მაღალი დონე დაფიქსირდა ბელგიასა და საფრანგეთში, ხოლო ზომიერი დონეები დაფიქსირდა ესპანეთში, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში. ამასთან, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და იტალია ჭარბი სიკვდილიანობის დაბალი დონის მქონე ქვეყნების სიაში შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები