დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ოლენა ზერკალთან.
მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას.
„ეს შეეხება იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რისი იმედიც გვაქვს ჩვენ რიგის სამიტზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამეზობლო პოლიტიკის ის სახელმწიფოები, რომლებიც მიუხედავად სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური ზეწოლისა განაგრძობენ თავიანთ რეფორმებს, განაგრძობენ ევროინტეგრაციის პროცესს და შესაბამისად ეს საზოგადოებები იმსახურებენ მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალი თბილისს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ეწვია, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით 2015 წლის 11 მარტს ქ.თბილისში გაიმართება. მოლდოვას რესპუბლიკიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იულიან გროზა. სამმხრივი შეხვედრის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები