“დავით ნარმანიას შესაძლოა, ბრალი წაუყენონ”

გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“ თბილისის მერიაში არსებულ არეულობაზე წერს. როგორც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, ჯოკია ბოდოკიასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგების გარდა, მერიაში სხვა კორუფციული სქემებიც მუშაობს.
წყაროს ინფორმაციით, ე.წ. ბოდოკიას საქმის კვალი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსამდე გეგი ნიჟარაძემდე და ყოფილ ვიცე-მერამდე ალექსანდრე მარგიშვილამდე მიდის.
,,გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ჯოკია ბოდოკიამ თავის თანამზრახველებს შემოუთვალა, ციხიდან სასწრაფოდ გამომიყვანეთ, თორემ პირს დავაღებ და ვინც ჩემთან ერთად კორუფციაში იყავით ჩათრეულნი, ავდგები და ყველას ,,ჩაგიშვებთო“. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ბოდოკია ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გეგი ნიჟარაძეს, ალექსანდრე მარგიშვილსა და კიდევ ერთ ვიცე-მერს, გიორგი ხელაიას გულისხმობდა. მეტიც, სავარაუდოდ, მარგიშვილი და ხელაია ბოდოკიას საქმეზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაჰკითხა კიდეც, მაგრამ ამ ამბავს არ ახმაურებენ. სწორედ ამის შემდეგ დატოვეს პოსტები ჩამოთვლილმა ადამიანებმა და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს გამოცემა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ალექსანდრე მარგიშვილს ახალი სამსახურის ხელმძღვანელად დუმილის სანაცვლოდ ნიშნავენ, რადგან მან მერიაში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ ბევრი რამ იცის. ,,ნაციონალები“ აცხადებენ, რომ მარგიშვილი ჯერ დაჭერას გადაარჩინეს, შემდეგ სიჩუმის სანაცვლოდ ახალი სამსახური შეუქმნეს, რათა ის კორუფციული სქემები არ გაეშიფრა, რაც მერიაში არსებობდა. გამოცემას ,,ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყაროებმაც იგივე დაუდასტურეს და ერთი საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, ბოდოკიას დაჭერის ფაქტი არ არის ერთადერთი კორუფციული შემთხვევა მერიაში. მერიის ზედამხედველობისა და სხვა სამსახურებში კორუფციის ნიშნების შემცველი არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული და მათ ახლა სამართალდამცავები სწავლობენ.
ჩვენი წყაროები აცხადებენ, რომ მარგიშვილმა ძალიან ბევრი რამ იცის მერიაში არსებული კორუფციის შესახებ და ძალიან ბევრი თანამდებობის პირი შეიძლება გადაიყოლოს, თუ ალაპარაკდება. ბოდოკიას საქმის კვალი კი გეგი ნიჟარაძემდე და ალექსანდრე მარგიშვილამდე მიდის“,- აღნიშნავს გაზეთი. გამოცემის ცნობითვე, მარგიშვილის ალაპარაკებამ შესაძლოა, საკრებულოსა და პარლამენტის უმრავლესობის რამდენიმე წევრსაც შეუქმნას საფრთხე. ,,გეგი ნიჟარაძის ნებართვითა და ალექსანდრე მარგიშვილის დასტურით, ზედამხედველობის სამსახურს არაერთი საეჭვო ნებართვა აქვს გაცემული თბილისში კერძო საკუთრებისა და ბიზნესობიექტების მშენებლობის შესახებ. მათი მფლობელები კი მერიის მაღალჩინოსნები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები და მათთან დაახლოებული ადამიანები არიან. გამოძიება ამ საქმეებს თუ ჩაეძია, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება, დასაჭერად ბევრს გაუხდება საქმე და ბევრი პოლიტიკოსი საკრებულოდან და პარლამენტიდან, მინიმუმ, ამ საქმეებთან გარკვეულ კავშირში იმხილება, მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი დაჭერის საფრთხე დაემუქრებათ“,- წერს გაზეთი. და რაც ყველაზე მთავარია, გამოცემის წყარო აცხადებს, რომ რამდენიმე უკანონო ნებართვა თავად დავით ნარმანიას ხელმოწერითაც არის გაცემული და არაა გამორიცხული, დედაქალაქის მერს კორუფციული გარიგებების ფაქტზე ბრალი წაუყენონ.
,,წყაროს თქით, ნარმანია შესაძლოა, არ არის პირდაპირ გარეული ამ კორუფციაში, მაგრამ მას ამის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან დაკანონებულ უკანონობებზე მისი ხელმოწერაა. წყარო აცხადებს, რომ თუ მარგიშვილმა ნარმანიას ხელი დაადო, რომ კორუფციული სქემები მასთან იყო შეთანხმებული, ნარმანია უეჭველი გაებმება. ამ შემთხვევაში მინიმუმ, ავტომატურად, ნარმანია კორუფციაში ეჭვმიტანილი ხდება და დაკითხვას ვერ გადაურჩება. თუმცა, შესაძლოა, მას ბრალიც კი წაუყენონ. წყარო არ გამორიცხავს, რომ ნარმანია ამ კორუფციულ გარიგებებში გარეული იყოს და საეჭვო ნებართვებს, რომლებსაც ახლა სამართალდამცავები სწავლობენ, ხელს კონკრეტული სარგებლის საფასურად აწერდა. ეს ყველაფერი მმართველი პარტიის ელიტაში ჩინებურად იციან. მათ ისიც იციან, რომ ამ ქვეყნის რეალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ნარმანიას უმოქმედობა და შეცდომები ყელში აქვს ამოსული და ძალიან ნანობს, მერი რომ გახადა“,- აღნიშნავს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები