ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციების კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციების ინიცირებული კანონპროექტი დღეს პარლამენტში გადაიგზავნება. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საკრებულოში გამართულ პრეკოსფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტის შემუშავება გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან გამომავალი ხმაურის შედეგადად, მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირების საჭიროებამ განაპირობა.
,,თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ორი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე, რადგან დღეს მოქმედი კანონდებლობა არ შეიცავს აღნიშნული საკითხის მარეგულირებელ ნორმას. კანონპროექტი ითვალისწინებს ქმედების ან უმოქმედობის, რაც დაკავშირებულია ხმაურის დადგენილი ნორმების დარღვევასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ადმინისტრაციული სახდელის სახეს, ასევე განსაზღვრავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს, რომელიც მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას შეუფარდებს “,- განაცხადა თედო კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა თუ დაწესებულებებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები იურიდიულ საკითხთა კომისიამ გაითვალისწინა კანონპროექტის საბოლოო რედაქციის შემუშავებისას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპარლამენტის 2002/49/EC დირექტივას „გარემოში ხმაურის შეფასებისა და მენეჯმენტის შესახებ“ და მის მიზნებს, კერძოდ: ხმაურის შემცირებისა და უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზანს, ასევე ხმაურის შეზღუდვასთან და ლიმიტებთან საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები