გიორგი კვირიკაშვილი „აბრეშუმის გზის ფონდის“ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „აბრეშუმის გზის ფონდის“ ხელმძღვანელ ვანგ იანძის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის” პროექტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ მასში მონაწილე კონკრეტული სახელმწიფოების, არამედ – გლობალური მასშტაბით.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, პროექტის განხორციელება გაამარტივებს ტვირთების გადაადგილებას პროექტში ჩართულ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, გაააქტიურებს სავაჭრო–ეკონომიკურ კავშირებს, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს პროექტის მონაწილე ქვეყნების განვითარებას.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინ პინის ინიციატივით დაწყებული პროექტის “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი” მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელსაც ეს ინციატივა მოუტანს პროექტში მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აცნობა ჩინური მხარის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივის შესახებ – „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაფუძნების თაობაზე, რომელიც ყოვეწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა დგამს, რათა საქართველომ სათანადოდ შეასრულოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია. მან ჩინური მხარის წარმომადგენელს გააცნო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სატრანსპორტო–ლოგისტიკურ სფეროებში, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესახებ.

„აბრეშუმის გზის ფონდი“ 2015 წლის თებერვალში დაფუძნდა. მის განკარგულებაშია 40 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც გამოყოფილია “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის” გლობალურ პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში სატრანსპორტო–ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პროექტების მხარდასაჭერად. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნულ გლობალურ პროექტში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაცია პირველი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან, რომელმაც ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ჩინეთის ვაჭრობის მინისტრ გაო ჰუჩენგს და ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ჯინტაოს. გიორგი კვირიკაშვილი თავის ჩინელ კოლეგასთან ხელს მოაწერს ორ დოკუმენტს ორი ქვეყნის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები