ზუგდიდში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მცხოვრები დევნილები ბინებს მიიღებენ
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ე.წ. „გარაჟების“ დასახლებაში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახლად აშენებულ ბინებს ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გადასცემენ. დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დასახლებაში მცხოვრებ ხუთივე ოჯახს ინფორმაცია, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გააცნეს.
დევნილი ოჯახები აქამდე გაუსაძლის პირობებში ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ, ყველა საცხოვრებელს აწვიმდა. დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემის გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადეს. ე.წ. გარაჟების ჩასახლებაში მცხოვერებ დევნილებთან მინისტრი სოზარ სუბარი გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად 13 თებერვალს იმყოფებოდა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
სოზარ სუბარის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დევნილი ოჯახების ცხოვრება ამ კონკრეტულ ობიექტზე სიცოცხლისთვის საშიშია.
თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, სულ 320 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. ბინების გადაცემა დევნილი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით სპეციალური კომისიის მიერ მოხდება. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ისინი, სამინისტროსვე გადაწყვეტილებით, კენჭისყრის გარეშე პირველ სართულზე მიიღებენ ბინებს. მინისტრის განმარტებით, ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სამინიტროს ბალანსზე გადმოსულია და მიმდინარე თვის ბოლომდე დევნილებისთვის ბინების გადაცემა მოხდება. უახლოეს დღეებში კი დევნილთა სამინისტრო იმ ოჯახების სიას გამოაქვეყნებს, ვინც ბინას ახლად აშენებულ კორპუსებში მიიღებს. ვიცე – გუბერნატორმა დევნილებს ახალი ბინების გადაცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ 22- წლიან ტანჯვას წერტილი დაესმევა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები შექმნებათ. წელსვე დაიწყება 2 460 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენდება. დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირშიც იგეგმება.