თბილისის ბაგა-ბაღების მონიტორინგი დაიწყო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმების ადგილზე შესწავლა დაიწყო. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად სამგორის რაიონის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვია და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ, სანიტარულ-ჰიგიენურ და სასწავლო პირობებს ადგილზე გაეცნო.
მანვე ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმების პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბაგა-ბაღების ნაკლებობის გამო სკოლამდელი დაწესებულებების შესაბამისი მომსახურებით ბავშვების გარკვეული რაოდენობა ვერ კმაყოფილდება.
,,ეს წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებია. მათი აღმოფხვრის მიზნით ჩვენ კონკრეტული გეგმა დავსახეთ და ის 2015 წლის პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. დაიწყო ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა და წელს უკვე 8 ასეთი დაწესებულების დასრულებაა დაგეგმილი. ამასთან, თითქმის ყველა ბაღში ხდება გაზიფიცირება, სამზარეულოების, სამრეცხაოებისა და ღობეების მოწყობა’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავდება როგორც სისტემური რეკომენდაციები, ასევე თითოეულ საკითხზე მერიის შესაბამის სამსახურებს რეაგირების მოხდენა მოეთხოვება.
აღნიშნული მონიტორინგის თაობაზე და მნიშვნელობაზე განცხადება ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მონიტორინგი როგორც ბავშვებისადმი დამოკიდებულებას, ასევე მათი სწორი აღზრდისთვის შექმნილი პორობების გამოვლენას ისახავს მიზნად.