ახალციხეში წყაროს წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მოსახლეობას აფრთხილებს, სასმელად წყაროს წყალი არ გამოიყენონ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის N3 ბაგა-ბაღიდან და წყაროს წყლიდან, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს, წყლის სინჯები აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნა.
„სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის (სეა) ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა გაავრცელა, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სათანადო წესით აიღეს სასმელი წყლის 2 სინჯი და შესაბამის მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ახალციხის N3 ბაგა-ბაღიდან აღებულ სასმელი წყლის სინჯში დარღვევა არ აღმოჩნდა. ხოლო მარადის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, წყაროდან აღებულ წყლის სინჯში კვლევამ დაადასტურა საერთო კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ახალციხის მოსახლეობას, არ გამოიყენოს აღნიშნული წყაროს წყალი გადადუღების გარეშე, რადგან მასში დარღვეულია მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი და, შესაბამისად, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის“, – განმარტავენ სააგენტოში.