ელისო ჩაფიძემ შესაძლოა, მუქარის გამო განათლების მინისტრის მრჩეველს სასამართლოში უჩივლოს

უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ შესაძლოა, განათლების მინისტრის მრჩეველს ოთარ აბესაძეს სასამართლოში უჩივლოს. როგორც ელისო ჩაფიძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, ოთო აბესაძე მას მუქარის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.
“არ გამოვრიცხავ, რომ ოთარ აბესაძეს სასამართლოში ვუჩივლო და საქმეს მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები დავურთო”, – აღნიშნა ჩაფიძემ.
მისი თქმით, ოთარ აბესაძე ტყიბულში ხვდება მოსახლეობას და ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას სთხოვს. დეპუტატის თქმით, ოთარ აბესაძის უკან დგას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, რომელსაც ტყიბულში კონკრეტული ინტერესები გააჩნია.
“მას ჰყავს გარკვეული სანათესაო ტყიბულში. იგი იყო ჩემი შტაბის უფროსი, ჰქონდა მოთხოვნები, თავის ნათესავებთან მიმართებაში. გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყოველივე. მე ვხედავ საფრთხეს იმისას, რომ იმ ქალაქში, სადაც არის სიმშვიდე, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, შემოიტანონ ქაოსი და არეულობა. ტყიბულელებმა იციან, ვინ არის ნუგზარ ყიფიანი. ოთარ აბესაძე არის ნუგზარ ყიფიანის სათამაშო და ეს ყველაფერი ემსახურება ჩემთვის სახელის გატეხვას”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით იანვრის თვეში პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები