ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 10 წლისაა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, GAU-ს წარმატება, ერთი მხრივ, ხარისხიანმა განათლებამ, ინოვაციურმა პროგრამებმა, პროფესიონალთა გუნდმა, მაღალკვალიფიციურმა ლექტორებმა, მოტივირებულმა სტუდენტებმა და სასახელო კურსდამთავრებულებმა განსაზღვრეს. მეორე მხრივ, მის განვითარებაში კიდევ არაერთი ადამიანის, სახელმწიფო სტრუქტურისა და კომპანიის მხარდაჭერას მიუძღვის წვლილი. სწორედ მათთვის მადლობის გადახდის მიზნით, 10 მარტს, 19.00 საათზე, „რადისონ ბლუ ივერიაში“ GAU-ს საიუბილეო საზეიმო მიღება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საზეიმო საღამოზე უნივერსიტეტი მადლობის სიგელებს გადასცემს თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებსა და პარტნიორ კომპანიებს: GAU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; GAU-სთან წარმატებული პარტნიორობისათვის; GAU-ს სახელის ღირსეულად წარმოჩენისათვის. აგრეთვე, განსაკუთრებული ღვაწლისათვის GAU-ს პრეზიდენტის მედლით დაჯილდოვდება საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი. მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან GAU-ს პარტნიორი სახელმწიფო სტრუქტურების, წამყვანი ბიზნესკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, GAU-ს საჯარო ლექციების მომხსენებლები და GAU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები. „რადისონში“ დაგეგმილ ღონისძიებას გაუძღვება GAU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ეკატერინე ტოგონიძე. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო მიღება.
ცნობისთვის, GAU ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას და პროფესიული ინგლისური ენის ცოდნას უზრუნველყოფს; მუდმივად ანახლებს, ხვეწს სასწავლო გარემოს, რომელიც პირველ რიგში სტუდენტზეა ორიენტირებული. GAU კონკურენტუნარიანი პროფესიონალების აღზრდის პარალელურად მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას ანიჭებს. GAU სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში გავლის შესაძლებლობას ქმნის, სტუდენტებს ექსკლუზიურ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სთავაზობს. GAU-ს საუკეთესო სტუდენტები უფასოდ სწავლობენ უნივერსიტეტში ან სარგებლობენ შეღავათებით; ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესოები კი იღებენ 1000-ლარიან სასწავლო ვაუჩერს.