ეროვნულ არქივში ხარიტონ შავიშვილის არქივის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ არქივში „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის პირადი არქივის საქართველოში ჩამოტანის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
“ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი საგანძური რომელიც დღეს ჩვენმა საზოგადოებამ და მკვლევარებმა მიიღეს. ეს არქივი ასახავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ფურცელს, ასახავს იმ ძალისხმევას რაც პირადად ბატონმა შავიშვილმა მოახმარა საკუთარი მისიის განხორციელებას ევროპაში და ასევე პირადი არქივი მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ჩვენ – დიპლომატებს, მკვლევარებს, დაგვეხმარება სამომავლოდ უკეთ გავეცნოთ და შევიცნოთ ჩვენი დიპლომატიის ისტორია და ზოგადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. ეს პროექტი გახლავთ გაერო-ს ჟენევის ოფისთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ერთერთი შედეგი”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაცია ჟენევაში ჩასულმა ეროვნული არქივის სპეციალისტებმა საკუთარი აპარატურით მათთვის ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მოახდინეს. ხარიტონ შავიშვილის არქივისა და მასთან დაკავშირებული ჟენევის საქალაქო არქივის საარქივო მასალების შესაბამისი წესით დამუშავება, კატალოგიზაცია და ერთიანი მასალის აღწერილობის გამოცემა 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.