„ვიზა- ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ყველა პროცედურას გეგმის მიხედვით მიყვებიან. როგორც თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პრაქტიკულად დარჩენილია რამდენიმე კვირა, რომლის განმავლობაში ექსპერტები გააგრძელებენ შესაბამისი უწყებების შემოწმებას და მონიტორინგს, ვალდებულებების შესრულებასთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.
“ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც ასევე ჩართულნი ვიქნებით. პროცედურების მიხედვით, ევროკომისიამ საბოლოო ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს რიგის სამიტის წინ. ჩვენ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი შემდგომი ეტაპისთვის – პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა მიღებული იქნას საბოლოო გადაწყვეტილება“,-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებების წარმომადგენლები ახორციელებენ ვიზიტებს ევროკავშირის დედაქალაქებში, ხვდებიან ყველა შესაბამის უწყებას, პარტნიორებს. “ ესეც არის ნაწილი პოლიტიკური მხარდაჭრის მობილიზაციის ნაწილი“, -აღნიშნა ბერუჩაშვილმა. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის.