ზუგდიდიში რეგიონული ტური და ფოტოგამოფენა გაიმართა
2015 წლის 1 მარტს ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეა ,,არტ გალერეაში” კონკურს ,,ფოტოსინთეზის” რეგიონული ტური და ფოტოგამოფენა გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის 38 სკოლის 60 ნახევარფინალისტს კონკურს ,,ფოტოსინთეზში” მიღწეული წარმატებისათვის გადაეცათ სერტიფიკატები, ასევე პლანშეტური კომპიუტერები და სხვა პრიზები CENN-ისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ ტურის გამარჯვებულები და ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალისტები დაასახელა. პირველი ადგილის მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ღაჭავა გახდა, მეორე ადგილი ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ესებუას ერგო, მესამე კი – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფიკო ლასარეიშვილს, რომლის ფოტომაც სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” მოწონებათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა.
სასკოლო სტენდებში საუკეთესო – სენაკის #1 საჯარო სკოლა გახდა. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფინალისტებს გადაეცათ ბანკი რესპუბლიკის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ ზუგდიდის მერიის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის, ასოციაცია ,,ათინათის” და სოკარ ჯორჯია-გაზი ,,სამეგრელოს” სპეციალური პრიზები და საჩუქრები.
საღამო ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს – კესო გაფრინდაშვილს და გიორგი არღვლიანს მიჰყავდათ, მუსიკალური გაფორმება კი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ანსამბლმა „მახარიამ” და საორკესტრო ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „მაფშალიამ” უზრუნველყო. კონკურსანტების ნამუშევრების გარდა ასევე გამოფენილი იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფოტოები (ავტ. თემო სუხიტაშვილი), რომლებიც, კონკურსის ფარგლებში, ამბროლაურში, ბათუმში, თბილისში, ახალციხესა და თელავში გამოიფინება.
კონკურსის დასკვნითი ტური 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში გაიმართება, მანამდე კი ფოტოგამოფენები საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის. ფოტოკონკურსი ხორციელდება ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC ) ფინანსური მხარდაჭერით.