იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს სახლი გადაეცა

იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.
უწყების ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.
დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მინისტრმა სოზარ სუბარმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ის ნგრევადი ობიექტები მოინახულეს, საიდანაც 45 დევნილი ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა . “ამ განსახლებით, ქუთაისში 8 ისეთი ობიექტი დაიხურება, რომლებიც, შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც “დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად”, ბინა 109 ოჯახს გადაეცა.
“კრიტერიუმების შესაბამისად, ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები, სწორედ დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) მონაწილეობით ჩატარდა იმ ნგრევადი ობიექტების პროფაილინგი, საიდანაც 48 დევნილმა ოჯახმა ახლად რეაბილიტირებულ შენობაში მიიღო ბინა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ”, – განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 109 ბინიდან 44 -ერთოთახიანი, 53-ოროთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია. 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. პროექტის განხორციელების განმავლობაში, მშენებლობაზე 170-მდე ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 25 % იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
უწყების ინფორმაციით, 2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში, საცხოვრებლი სახლი 576 ოჯახს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები