საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვეიცარიის საელჩოს გავლით, რუსეთს საპროტესტო ნოტას გადასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ დროულად აცნობა პარტნიორებს მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში მიეცათ ინსტრუქცია, რომ მათ ადგილსამყოფელ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ.
“რუსეთის ეს ნაბიჯი ასევე არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე ყველა ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის არის 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.