მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს

ქ. ჟენევაში, შვეიცარიის კონფედერაციაში, გაიმართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის “გარემოსდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) ბიუროს შეხვედრა.
ორჰუსის კონვენციის ბიურო წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად ორგანოს, რომელიც განიხილავს კონვენციის მხარე სახელმწიფოებში, მათ შორის ევროკავშირში, აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, სხვებს შორის, დღის წესრიგში იდგა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კონვენციის ცვლილებისა და კონვენციის ოქმის რატიფიკაციის საკითხები. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული კონვენციის შესრულებისთვის ფინანსების გადანაწილების საკითხზე.
შეხვედრაზე ახალ თავმჯდომარედ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის და კონვენციის ეგიდით გამართული უმაღლესი ორგანოს – მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარესაც, ოთხი წლის ვადით ბიუროს წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე. გადაწყვეტილების მიღებისას ბიუროს წევრების და კონვენციის სამდივნოს მხრიდან მხედველობაში იქნა მიღებული და დადებითად შეფასებული მაია ბითაძის გამოცდილება არა მხოლოდ გარემოსდაცვის სამართალის კუთხით, არამედ ორჰუსის კონვენციის მიმართულებითაც. მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული 2006 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები