“უკანასკნელი წლები საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია“
საქართველოში არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის თურქეთი და აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფოები და მთავარი პარტნიორები არიან.
“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ფორუმი ტარდება ბათუმში და, დარწმუნებული ვარ, მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ ჩვენმა ბიზნესმენებმა. როგორც წესი, სწორედ ასეთი ფორმატი უწყობს ხელს საკითხების უფრო ეფექტურად გადაწყვეტას, ასევე სამომავლო გეგმების დასახვას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება და არაერთ ახალ ინიციატივას ჩაეყრება საფუძველი.
დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენ გვაკავშირებს სამაგალითო კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები, რითაც მე პირადად ვამაყობ. ჩვენთვის საამაყოა, როცა ასეთი ძლიერი პარტნიორები გყავს, პარტნიორები, რომლებიც მსოფლიოში სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოწინავე პოზიციებზე არიან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უკანასკნელი წლები საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო და წარმატებული პროექტის განხორციელებას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ძირითადი მოთამაშეები იყვნენ ძლიერად წარმოდგენილი და ჩვენ, როგორც თქვენი საიმედო პარტნიორები, ვაფიქსირებთ მზაობას, კიდევ უფრო ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელოთ ერთად. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისათვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ საკმარისი პოტენციალი და შესწევთ იმის ძალა, რომ მთლიანად რეგიონი აქციონ მნიშვნელოვან მოთამაშედ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში.
“მინდა, როგორც მთავრობის მეთაურმა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.