„სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ნორლანდმა ქუთაისში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის – საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.