ლევან მამალაძის მხარდამჭერები, მისი შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ აქცის გამართავენ
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის შეწყალების თხოვნით, ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართება,- ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ემზარ კვიციანმა, ლევან მამალაძის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ და პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საგამოძიებო კომისიის თანათავმჯდომარემ ოთარ სტეფანიშვილმა ისაუბრეს.
როგორ სტეფანიშვილმა განმარტა, მისი თანათავმჯდომარეობით შექმნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ ლევან მამალაძის საქმე შეისწავლა, მას პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭეს.
მისი თქმით, კომიასიაში მაღალკვალიფიციური იურისტები და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები შედიან. სტეფანიშვილის განმარტებით, ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია, მის მიმართ შავი პიარის და სისხლის სამართლის საქმეში დადანაშაულების მიზეზი კი, მისი განცხადებით, მამალაძის პოლიტიკური წონა იყო.
სტეფანიშვილის თქმით, მამალაძემ თავის დროზე დანაშაულში ის ინვესტორები ამხილა, რომლებსაც სააკაშვილი მფარველობდა. ამავდროულად, სტეფანიშვილის ინფორმაციით, მამალაძის კანდიდატურა პრემიერადაც კი განიხილებოდა, რის გამოც სააკაშვილს მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება აწყობდა.
პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საგამოძიებო კომისიის თანათავმჯდომარის თქმით, მათ ლევან მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნაც დადეს, რასაც პრეზიდენტს, პრემიერს და პროკურატურას გადაუგზავნიან. პრეზიდენტისგან ლევან მამალაძის შეწყალების იმედი აქვს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს. მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ გიორგი მარგველაშვილმა მამალაძე შეიწყალოს.
„ლევან მამალაძე არის პოლიტიკური დევნილი. მას „ნაციონალებმა“ მიზანმიმართულად აუგორეს შავი პიარი, ამიტომაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. მე მაქვს იმედი, რომ თუ უცხო ქვეყნები არ ჩაერევიან, პრეზიდენტი ლევან მამალაძეს შეიწყალებს“,- აღნიშნა კვიციანმა.
მამალაძის მხარდამჭერებმა საქმეში არსებულ ახალ გარემოებაზე დაყრდნობით მისი შეწყალების და საქმის გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. როგორც მამალაძის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განმარტა, საქმეში ახალი გარემოებები არსებობს, რის გამოც საქმის ხელახლა შესწავლის საჭიროება დგება. მისი თქმით, საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც ლევან მამალაძის ბრალეულობას ადასტურებს.
„ ეს მთლიანად შეთითხნილია საქმეა. საქმეში გამოჩნდა ახალი გარემოებები მოწმეთა ჩვენებების სახით. ადამიანები, ვინც წლების წინ შეკერილ საქმეში მამალაძეს ადებდნენ ხელს, დღეს ყვებიან, როგორ ხდებოდა მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ ხელი მამალაძეზე დაედოთ. ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით და მისი იმედი გვაქვს“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ გუბერნატორს ბრალად თანხის გამოძალვა და ანგარიშებზე თანხის არ ასახვა ედება. მამლაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 13 საათზე გაიმართება.