ნუგზარ მალაღურაძე თემურ გრიგალაშვილის განცხადებას პასუხობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” წევრის თემურ გრიგალაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს , რომ მისი კოლეგა და ე.წ. ოპონენტი კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. “მინდა გამოვეხმაურო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს ჩატარებული ბრიფინგის თემას სადაც სარევიზიო კომისიის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ისაუბრა თითქოსდა ისნის რაიონში ადგილი ქონდა სარევიზიო აქტზე ყალბი და უკანონო მინაწერის არსებობას, რაც მისი თქმით ადასტურებს დოკუმენტის სიყალბეს. მინდა ავღნიშნო, რომ გრიგალაშვილს როგორც სარევიზიო კომისიის ამჟამინდელ წევრს და სარევიზიო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს უნდა სცოდნოდა , “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 58-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარისთვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციულ გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, რაც სარევიზიო კომისიის მიერ გაკეთებულია. შესაბამისად აქ არაკვალიფიციურობაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება ეგრედ წოდებულ “სიყალბესა და უკანონობას” თუ იგი გულისხმობს აქტზე შენიშვნის სახით მინაწერს (P.S.), რომელიც არსებობს დედანზე, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება ამ აქტის გამაბათილებელ საფუძვლად მით უფრო, რომ დედანის ასლების სრული ვერსია თავისი ხელმოწერებით და შენიშვნით გაეგზავნა კომისიის ყველა წევრს. ამდენად “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება არის არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური, აგებულია უსაფუძვლო ბრალდებებზე და კიდევ ერთხელ ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”,- განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები