დავით უსუფაშვილი ფრანსუა ოლანდის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
აშშ-ში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებაზე – „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ გადახედვასთან დაკავშირებით და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებაზე – ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ამ ეტაპზე უარის თქმის თაობაზე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. ამიტომ, მისი თქმით, ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს იქამდე, რომ რასაც ევროპაში ამბობენ, ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი.
„ევროკავშირთან და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე. ყველას შევახსენებ, ვინც ამ ამბავმა რაღაცნაირად შეაშფოთა, რომ საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს იურიდიული დოკუმენტი – ამას ჰქვია „ასოცირების შეთანხმება“ და იმ შეთანხმებაში რაც წერია, ცხადია, შესრულდება საქართველოს მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც.
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ეს არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს და რაც გაგრძელდება, რომლის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს. რაც შეეხება ამ განცხადებას, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ ამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწრეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. ამიტომ, ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს, რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად. ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. იგივეს ვიტყოდი ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნატოში გადაწყვეტილებებს იღებს არა ერთი ქვეყანა, არამედ ყველა წევრი ქვეყანა და წევრი ქვეყნები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ნატოსთან გვაკავშირებს ასევე ძალიან მყარი შეთანხმება, ის პაკეტი შეთანხმების, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ და წარვდგეთ პირნათელი ჩვენს პარტნიორებთან 2016 წლის ნატოს სამიტისთვის. მანამდე ამ ტიპის მოსაზრებები, განცხადებები საქართველოში, თუ სხვა ქვეყნებში გაჟღერებული მივიღოთ, როგორც მოსაზრებები, განცხადებები და პოზიციები, რომელიც ვერანაირ გავლენას თავად იმ პროცესზე ვერ მოახდენს, რომლის შინაარსი და არსი განსაზღვრულია ნატოსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.