„ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის სერიოზული საფრთხე არსებობს“

ემზარ კვიციანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს, მის მოწმეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და მისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს, – აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კვიციანის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა კავშირის – „ომი და მშვიდობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ლომიძემ ისაუბრეს.
როგორც ლომიძემ და კობაიძემ განმარტეს, კვიციანს საეჭვო ადამიანები უთვალთვალებენ და სწავლობენ იმ ადგილებს, სადაც ის გადაადგილდება. მათივე განცხადებით, რამდენჯერმე საეჭვო მანქანაც შენიშნეს, თუმცა მისი ნომრის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.
ლომიძის განცხადებით, ის კვიციანთან ერთად ხშირად იმყოფება, რის გამოც რამდენჯერმე მსგავს ფაქტს თავადვე შეესწრო. ყველა ჯერზე, როდესაც მათ მოთვალთვალე საეჭვო ადამიანებთან მიახლოება და გამოლაპარაკება სცადეს, ლომიძის თქმით, ისინი უკვალოდ გაქრნენ.
ადვოკატმა ლექსო კობაიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ კვიციანის ლიკვიდაცია შესაძლოა, იმ ადამიანთა ინტერესში შედიოდეს, ვისზეც კვიციანი ბევრ მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას ფლობს. კობაიძის თქმით, კვიციანი არის ადამიანი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ადებს ხელს და რუსეთთან კავშირში ამხელს.
„შესაძლოა, კვიციანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. ამიტომაც მივმართავ პროკურატურას და შსს-ს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რომ კვიციანი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვან, დაენიშნოს დაცვა, ან მიეცეს მას იარაღის ტარების უფლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა პროკურატურისთვის. ის ბევრ ინფორმაციას ფლობს ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში. მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც ხელისუფლებაში და ძალოვან სტრუქტურებში არიან, თუმცა- სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ემზარ კვიციანის არსებობას“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები