მიხეილ სააკაშვილი ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა
რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილმა ნემცოვთან თავისი ნაცნობობა გაიხსენა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
„უკანასკნელად ბორის ნემცოვს რამდენიმე კვირის წინ კიევში, სასტუმრო „ფერმონტში“ შევხვდი. ჩვენ ვისადილეთ და მან მარშის შესახებ მიამბო, რომლის გამართვას მოსკოვში თანამოაზრეებთან ერთად გეგმავდა. სრულიად ბუნებრივია, მე მას ვკითხე, რუსეთში თავისი უსაფრთხოების გამო, განსაკუთრებით ახლა – ეშინოდა თუ არა. მან მიპასუხა, რომ პუტინი წარმოდგენებით ცხოვრობდა და ის, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, საეჭვოა, დიდი ხნით ჩაესვათ. მე სიტყვა გავაწყვეტინე და ვთქვი, რომ მას დაპატიმრებაზე მეტად წითელი ღვინის ბოკალში საწამლავის უნდა შეშინებოდა, რომელიც ხელში ეჭირა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველების დანახვისას, ხუმრობის უადგილობას სწრაფად მივხვდი. შემდეგ ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულებს პუტინი და ორივე შევთანხმდით, რომ მის ქცევებში მილოშევიჩთან ბევრი საერთოა, რომელიც ომმა პოპულარული გახადა და იმავემ დაღუპა. დღეს მალე გამახსენდა, რომ ოპოზიციონერებს მილოშევიჩთანაც ასევე კლავდნენ.
ბორია ნემცოვი ძალზე გაბედული ადამიანი, რაღაცნაირად თავზე ხელაღებული იყო. მასთან შეიძლებოდა გეკამათათ და არ შეთანხმებულიყავით, მაგრამ შეუძლებელი იყო გულგრილი დარჩენილიყავით. მე მას 90-იანების შუა წლებიდან ვიცნობდი, ჩვენ ხშირად ვურთიერთობდით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ცხოვრებიდან წავიდა სხვა ხალხების მეგობარი და, ამავე დროს, რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, უბრალოდ, ძალზე საინტერესო ადამიანი დიდებულ ქვეყანაში, რომელსაც ბოროტი უფერულობით მართავენ. ძალზე სამწუხაროა“, – წერს სააკაშვილი.