შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი – 2003 წელს დაბადებული ბექა ო. და 2001 წელს დაბადებული ზაზა ს. ქურდობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნები 22 თებერვალს, რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიაში ღამით შეიპარნენ და შესაწირი ყუთიდან 420 ლარი მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებს ეკლესიაში შესვლის დროს ორი ხატი გაუტყდათ, რომლებიც ეკლესიის სახურავზე გადამალეს. სამართალდამცველებმა დაზიანებული ხატები ეკლესიის მსახურებს დაუბრუნეს.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაკავებულები სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).