ეკა სეფაშვილი: მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს ახალაიას კავშირს 4 ოქტომბრის მოვლენებთან
პარტია “ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბაჩო ახალაიას საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოძიების მასალები ნათლად მიუთითებს მის კავშირს 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან.
“ახლა მეორეხარისხოვანია რას იტყვის ახალაია, მისი მომხრეები და ადვოკატი – ისინი შეეცდებიან საკუთარი თავის დაცვას, მათ შორის ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, თუმცა ეს მათ ვერაფერს უშველის,”- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული მოქმედებები მაღალი სტანდარტების დაცვით ჩატარდა და საქმეში არსებული გარემოებები უკვე სამართლებრივი შეფასების ეტაპზე გადადის.
„ჩვენმა სამართალდამცავებმა მაღალი სტანდარტების დაცვით მოიპოვეს ის მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებს ბაჩო ახალაიას კავშირს და მის მიერ გაწეულ ხელმძღვანელობას იმ პროცესისადმი, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა და რომელიც პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით დამხობას ისახავდა მიზნად.
ახლა მეორეხარისხოვანია, რას იტყვის ახალაია, მისი მომხრეები და ადვოკატი – ისინი შეეცდებიან საკუთარი თავის დაცვას, მათ შორის ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, თუმცა ეს მათ ვერაფერს უშველის.
უკვე მოსამართლისა და სასამართლოს საქმეა, როგორ იმსჯელებენ და შეაფასებენ ბაჩო ახალაიას დანაშაულს ქართველი ხალხისა და ქართველი სახელმწიფოს წინაშე”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.