თენგიზ შარმანაშვილი: ის საქმიანობა, რასაც ხაზარაძე ეწეოდა წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მასალებშიც არის; ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე და ეს უნდა დასრულდეს
„ცოტა ხნის წინ საქართველოს უჩივლეს და მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის მოგება უნდოდათ საქართველოსთვის, რათა ეს დაეკლოთ საქართველოს ბიუჯეტისთვის და ჩვენი ხალხისთვის. სამართლებრივად მათ ეს საქმე პარიზის არბიტრაჟში წააგეს და იქით დააკისრა არბიტრაჟმა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულის გადახდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე, რაც უნდა დასრულდეს.
„მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაძარცვონ თავისი ქვეყანა, უკიდურეს მდგომარეობაში ჩააყენონ თავისი მოსახლეობა. ის თავისი საქმიანობა, რასაც ხაზარაძე ეწეოდა წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევებთან დაკავშირებით, ეს საგამოძიებო კომისიის მასალებშიც შეგიძლიათ ნახოთ. ანუ, უნდა დააზარალონ ქვეყანა, უნდა დააზარალონ ხალხი და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამას აკეთებენ. როგორ შეიძლება ურთიერთობები ჩამოყალიბდეს საქართველოში ვერ წარმოუდგენიათ. ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ეს უნდა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ დასრულდება კიდეც“, – განაცხადა შარმანაშვილმა.