თერჯოლაში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ხათუნა სამნიძეს სტატუსის დროებით შეჩერებას სთხოვენ
„რესპუბლიკური პარტიის“ თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს სტატუსის დროებით შეჩერებას სთხოვენ. მათი თქმით, პარტიის წევრთა უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თერჯოლის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ავთანდილ ჩუბინიძეს კოალიციაში შემავალმა “რესპუბლიკური პარტიის” წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. „ჩვენ ვართ „რესპუბლიკური პარტიის“ თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის წევრები. გვინდა იმ დეპუტატებს მივმართოთ, რომლებიც თერჯოლის საკრებულოში „რესპუბლიკელების“ მანდატით მოხვდნენ, მათ დღეს მედიას მოატყუეს, როდესაც განაცხადეს, რომ მხარი დაუჭირეს კოალიციის კანდიდატს. ჩვენ არ გვინდა „რესპუბლიკელები“ მოღალატეებად შეგვრაცხონ. პარტიაში იმ დრომდე ვერ დავბრუნდებით, ვიდრე კოალიციის წევრები საერთო გადაწყვეტილებამდე არ მივლენ“, – აცხადებენ თერჯოლელი „რესპუბლიკელები“.