საბერძნეთში ქურდობისთვის 10 ქართველი, მათ შორის 4 ქალი დააკავეს
ჯგუფურად და არაერთხელ ჩადენილი ქურდობისთვის საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 10 მოქალაქე დააკავა. ბრალდებულებიდან 4 ქალია.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ქალები ბერძნების სახლებში ექთნებად მუშაობდნენ. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ბოლო თავდასხმისას მათ მოხუც ქალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთეს და სახლიდან 3700 ევრო წაიღეს.
დაჯგუფებას, რომელსაც ბერძნული პოლიცია რამდენიმე თვე ეძებდა, გამოძიების ინფორმაციით, 10-ზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. სამართალდამცველებმა მათი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ამოიღეს.
კიდევ ერთი სპეცოპერაცია ბერძნულმა პოლიციამ 25 თებერვალს ჩაატარა. ამ შემთხვევაშიც დაკავებულები ქართველები არიან. სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი ქართველი ბოლო სახლის ქურდობიდან მალევე, ათენის გარეუბანში ძებნაზე გადაცემული ავტომობილით მოძრაობისას დააკავეს. ავტომობილი ასევე ძებნილ ქართველს ეკუთვნის.
ბერძნული მედიის ცნობით, მან აღიარა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თანამზრახველებთან ერთად რამდენიმე სახლი გაძარცვა. დაასახელა სხვა ბრალდებულების ვინაობაც, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას 100 000 ევრო ამოიღო.
საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს საბერძნეთში საქართველოს კონსული. დიპლომატიურ უწყებაში მხოლოდ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იციან.
დაკავებული ქართველების ვინაობა უცნობია. სასამართლო მათ საქმეზე ხვალ პირველად იმსჯელებს.
წყარო: “რუსთავი 2“