ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას „რესპუბლიკელებიც“ არ დაესწრებიან
პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას „რესპუბლიკელებიც“ არ დაესწრებიან.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, „რესპუბლიკელებს“ სხდომაზე დასწრება მართებულად არ მიაჩნიათ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ისინი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური საკითხების განხილვა რიგგარეშე ფორმატში არ უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, შესაძლოა, ხვალ რიგგარეშე სხდომაზე ქვორუმის პრობლემა შეიქმნას, ვინაიდან, რამდენიმე ფრაქცია სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს.
„კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, როცა პრეზიდენტი უარს ამბობს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, ამ შემთხვევაში პარლამენტი იკრიბება. თუმცა ეს არის პარლამენტის უფლება და არა ვალდებულება. განსხვავებით საომარი მდგომარეობისა, როდესაც დეპუტატები ვალდებულნი არიან სხდომაზე შეიკრიბონ და მუშაობა დაიწყონ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი უფლება, რომ ხვალ შევიკრიბოთ და არა ვალდებულება. ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი რიგგარეშე ფორმატში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, – აცხადებს ხმალაძე.