თამარ ტალიაშვილი: მერიაში კვლავ არსებობს 549 ვაკანტური ადგილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს და მერიაში საჯარო მოხელეთა კონკურსის გამჭვირვალობაზე საუბრობს.
“დღესდღეისობით მერიაში კვლავ არსებობს 549 ვაკანტური ადგილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდა – ვინმეს მიკერძოებით რომ მოენდომებინა დანიშვნების განხორციელება, ეს ვაკანსიები შეუვსებელი არ დარჩებოდა. კონკურსანტები, რომლებმაც ვერ გადალახეს კონკურსის პირობებით გათვალისწინებული ზღვარი, თანამდებობებზე არ დანიშნულან და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლის ადგილს იკავებენ. შესაბამისად, არსებული პოზიციები ვაკანტურია და ამ პოზიციებზე ხელახლა გამოცხადდება კონკურსი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.