საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ ისაუბრეს
საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა რუმინეთის მთავრობის სახლში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ პონტამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და იმ პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის, სტიქიურ უბედურებათა რისკის შემცირებისა და მენეჯმენტის გაძლიერების მიმართულებებით ხორციელდება.