გუგული მაღრაძე კოალიციის დაშლის საშიშროებას და ვადამდელი არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე დღესდღეობით მმართველი კოალიციის დაშლის საშიშროებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს.როგორც დეპუტატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მმართველი გუნდი, მიუხედავად მისი სიჭრელისა, კრიტიკულ სიტუაციაში ყველა საჭირო გადაწყვეტილებაზე თანხმდება, რის გამოც დეპუტატი მიიჩნევს, რომ კოალიცია 2016 წლამდე ამ სახით მივა.
„დღეისთვის ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა არ არსებობს. ის, რომ „ოცნებაში“ აზრის სხვადასხვაობაა, მე არაერთხელ მითქვამს, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. „ოცნება“ ხომ არ იყო იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებული ერთობა, ეს ერთობა იყო იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაემარცხებინა. თავისი განათლებით, ისტორიით, ყველაფრით ძალიან ჭრელია და რაღაც საკითხების დროს გამოჩნდება ხოლმე, რომ განსხვავებაა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში „ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ მიიღოს იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროა. ამიტომ მე დაშლის საშიშროებას არ ვხედავ. მე მიმაჩნია, რომ კოალიცია 2016 წლამდე ამ სახით მივა და 2016 წლის არჩევნების დროს ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება“,- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.