„გვენეტაძის კანდიდატურას მხარს ვუჭერ, მას აქვს ყველა ის პროფესიული და პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ამ პოსტზე ყოფნისას საჭიროა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, ის აღნიშნულ პოსტზე წარდგენილ გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. მაღრაძე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძეს ყველა ის პიროვნული თუ პროფესიული თვისება გააჩნია, რაც აღნიშნულ პოსტზე ადამიანს სჭირდება.
„ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს ვუჭერ. მთავარი მოთხოვნა, რაც უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის მიმართ გვაქვს, არის ის, რომ უნდა იყოს პროფესიონალი და პრინციპული ადამიანი. პირადად მე მიმაჩნია, რომ თვითონ სასამართლო სისტემაში ყოფნის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, მას აქვს ეს გამოცდილება. ის არის პრინციპული ადამიანი. მაშინ, როდესაც 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მოსამართლეების მიმართ ახდენდა „შეთავაზებას“ და ზეწოლას, სააკაშვილს დამორჩილდა ყველა მოსამართლე, გარდა სამი მოსამართლისა, მათ შორის იყო ნინო გვენეტაძეც. ამასთან, ის ძალიან განათლებულია. ის მეცნიერებათა დოქტორია, ხარისხი აქვს, კითხულობს ლექციებს, აქვს უცხოური გამოცდილება და სასამართლო სისტემაში თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანია… მე არ ვიცი, კიდევ რა თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესაფერის კანდიდატურად მივიჩნიოთ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება უმრავლესობაში განსხვავებულ პოზიციებს, მაღრაძის განმარტებით, ეს იმის გამო არ ხდება, რომ გვენეტაძეს რამეს უწუნებენ. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ ზოგს თავად უნდოდა ეს პოსტი, ზოგს კიდევ სხვა უფრო წარმოედგინა ამ პოსტზე.