„2014 წელს 98 ექიმს სამედიცინო სერტიფიკატი დროებით შეუჩერდა, 195 ექიმმა კი წერილობითი გაფრთხილება მიიღო“
„ 2014 წელს 98 ექიმს სამედიცინო სერტიფიკატი დროებით შეუჩერდა. გადაცდომის ძირითადი მიზეზები კი არასწორ მკურნალობაში გამოიხატა“, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ხუციშვილმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ნინო ხუციშვილის განცხადებით, 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, რეგულირების სააგენტოს მიმართ მოქალაქეთა მიმართვიანობის მხრივ ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
„გარდა შეჩერებული სერტიფიკატებისა, 2014 წელს 195 ექიმს ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება. 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მოქალაქეთა მომართვიანობის მხრივ მატების ტენდენციაა. ხარისხის თვალსაზრისით კი გასული წლის განმავლობაში 300- მდე საქმე შევისწავლეთ. კანონმდებლობით, ექიმის მიერ გადაცდომის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია. პროფესიული პასუხისმგებლობა ზოგიერთ შემთხვევაში წერილობით გაფრთხილებას, ზოგიერთ შემთხვევაში სერტიფიკატის დროებით, 6 თვემდე შეჩერებას, ან საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს. კანონით გაწერილი პროცედურების შემდეგ ჩვენ საკითხის შესწავლას ვახორციელებთ. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ შემოწმდეს კერძო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება კომისია და ხდება საკითხების შესწავლა. ძირითადად, განცხადების საფუძველი არადამაკმაყოფილებლად ჩატარებული სამედიცინო მომსახურება არის ხოლმე“,- აღნიშნა ნინო ხუციშვილმა.