ოკუპირებული ცხინვალი: კითხვები ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ დროა, საქართველომ გააცნობიეროს, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს.
“საკმარისად დიდი დრო გავიდა საიმისოდ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ეს სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება მათ ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს.ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის რეჟიმში გადავიდეს. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი დაიწყება, საქართველო მზად იქნება, რომ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადადოს და ისეთი საკითხები განიხილოს, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი.
” მოდი, გადავწიოთ საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით”, – განაცხადა აბაშიძემ.