რევაზ ჩახავა: მერიას სატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჩახავა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში სატრანსპორტო საშუალებების შეძენას ეხება.
როგროც ჩახავამ აღნიშნა, ამ დროისთვის მერიის ბალანსზე სულ 200-ზე მეტი მანქანაა.
„2014 წლის აგვისტოდან დღემდე, არც მერიას, არც გამგეობებს სატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენიათ. მთლიანად მერიის ბალანსზე 200-ზე მეტი მანქანაა“, – განაცხადა ჩახავამ.
შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” -მ სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა, ჯამში, დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი, ჯამში, დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.